ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული დ.ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ა.ს. და 1995 წელს დაბადებული ზ.ც. კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და ორი შეკვრა „მეტადონი“ ამოიღეს. ა.ს.-სა და ზ.ც.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია სამ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „სირეცი“.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული ექვსიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.