რამდენი “ჭვკიანი” კამერა მუშაობს გზებზე

ქვეყნის მასშტაბით , მათ შორის რუსთავსა და ქვემო ქართლში 1 441 ვიდეოკამერა მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ქსელში 795 ზოგადი ხედვის და 646 ე.წ „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა არის ჩართული. უწყების ინფორმაციით, გრძელდება ქვეყანაში სიჩქარის მზომი სექციური რადარების და „ჭკვიან“ ვიდეოკამერების განთავსება და ამოქმედება.

გარდა ამისა, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ძალაში შესვლის შესაბამისად, ე.წ. “ჭკვიანი” კამერების მეშვეობით, 14 იანვრიდან ავტომატურ რეჟიმში მოხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად არ გაუვლიათ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.