რუსთავის ველო–მოყვარულთა კლუბის ორგანიზებით ტრადიციული ველო–მსვლელობა გაიმართა. ველოსიპედისტებმა რუსთავის შემოსასვლელიდან აიღეს სტარტი, რის შემდეგაც შარტავას, ლეონიძის, თოდრიასა და კოსტავას ქუჩების გავლით ველომსვლელობა მოაწყეს.
ველომოყვარულთა კლუბის ინიციატივით “კრიტიკალ მასი” თვეში ერთხელ იმართება, რომელიც ქალაქში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ გაზაფხულიდან მათ უფრო მეტი ახალგაზრდა შეუერთდება და ველოსიპედი, როგორც ტრანსპორტი ქალაქში უფრო მეტად პოპულარული იქნება.
ველომარათონის პერიოდში მონაწილეების უსაფრთხოებას და ქუჩაში გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებდნენ.
კამპანია Critical Mass მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი კამპანიაა, რომელიც ყველა დიდ ქალაქში, ყოველი თვის ბოლოს იმართება.
ღონისძიების მთავარი მიზანია მსოფლიოს გარემოსდაცვით გამოწვევებზე ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა და ადამიანების ქმედებების შეცვლა გარემოს სასარგებლოდ.