რუსთავში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.მ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 30 იანვარს რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის გამყიდველს დანის მუქარით 300 ლარი და მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ე.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში რუსთავში დააკავეს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.