სავალდებულო საბაზო განათლების 9-წლიანი სისტემის 10 წლამდე გაზრდა იგეგმება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ მინისტრთან მიხეილ ბატიაშვილთან და შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფო გორგოძესთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. აღნიშნული ცვლილებების განხორციელება სამომავლოდ იგეგმება.
„ახალი ცვლილება, რომელსაც ახლა გთავაზობთ, არის სავალდებულო საბაზო განათლების 9-წლიანი სწავლებიდან 10 წლამდე გაზრდა. ძალიან ბევრი ქვეყანა აკეთებს ამას. ჩვენს ქვეყანაში სავალდებული საბაზო განათლება ახლა 9 წელია, თუმცა მოსწავლეები რომ 9 წელს ამთავრებენ, არანაირი მზაობა არ გააჩნიათ, გადაწყვეტილება მიიღონ პროფესიულ პროგრამაზე გავიდნენ თუ არა, ან სწავლა გააგრძელონ. მერე მე-10 კლასში იგებენ, რომ რაღაც გამოცდები მოდის, თუ მომზადების თავი არ აქვთ, სკოლიდან გადიან, ან მე-11 კლასში იჭრებიან, ან რაღაცნაირად მე-12 კლასში გადადიან და იქ იჭრებიან. შედეგად ის გვაქვს, რომ დღეს ჩვენი მოსახლეობის საერთო ციფრიდან მილიონამდე ეკონომიკურად პროდუქტიული ადამიანი დაუსაქმებელია”,- განაცხადა ირინა აბულაძემ.