ყველაფერი გაკეთდება, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად – შს მინისტრის მოადგილე

შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე დიდ დიღომში იმ ადგილზე იმყოფება, სადაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. საბანაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოქალაქეებმა დღის განმავლობაში გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ. საბანაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ყველა შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენელი იმყოფება ადგილზე.

„მიმდინარეობს გამოძიება, გაკეთდება მაქსიმუმი და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად,“ – განაცხადა საბანაძემ.

აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერთი არასრულწლოვანია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ.

აფეთქება ახლადაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. დაზიანებულია ძირითადად მეექვსე სართული, თუმცა, ჩამსხვრეულია სხვა სართულებზე მინებიც.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს.

„ყაზტრანსგაზში“ კი „კურიერს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე განცხადების გაკეთებას არ გეგმავს კომპანია.