თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გაგა კირკიტაძის განცხადებით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე სამართალდამცველები და ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
მისივე თქმით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოყვა 2, ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
„სავარაუდოდ CO-თი, გაზის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა 7 ადამიანი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები, ყველა შესაბამისი სამსახური. დამატებით ინფორმაციას შს სამინისტრო მოგვიანებით მოგაწვდით. მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება, სავარაუდოდ, ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო მოხდა ამ ადამიანების გარდაცვალება“, – განაცხადა კირკიტაძემ.