ჩხუბში პროკურატურის და შსს–ს თანამშრომლები მონაწილეობდნენ

არსებული ინფორმაციით, ვანში შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ნაცემია ვანის პროკურორი და მისი თანმხლები პირი. ფიზიკური დაპირისპირება ვანში, რესტორანში მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.
უწყების გენინსპექციამ მოხდარ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო.
ამასთან, უკვე ცნობილია, რომ გამოძიება დაიწყო ასევე შს სამინისტრომ. უწყებამ ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს სამსახურეობრივი უფლებამოსილება უკვე შეუჩერა.
„11 იანვარს, ვანში, ერთ-ერთ კვების ობიექტზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო. ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება. გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი. ნებისმიერი სამართალდამცველის მხრიდან პროფესიული ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველ ყველა ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, – აცხადებენ შსს-ში.

ვანში სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადება პროკურატურამაც გაავრცელა.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ვანში, 11 იანვარს მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო. ფაქტის შესწავლის შედეგად გენერალური ინსპექცია დაადგენს, ჰქონდა თუ არა დაპირისპირებისას რაიმე სახის გადაცდომას ადგილი და ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.