ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, დღეის მდგომარეობით, გარკვეული ადამიანებისთვის წითელას ვაქცინაციაზე არის თანაგადახდა, თუმცა დღეს საღამოდან ის ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის.
„გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში და გარკვეულ გეოგრაფიულ ლოკაციებზე შეიძლება საჭირო იყოს ამ წუთის მდგომარეობით გარკვეული თანაგადახდა მოსახლეობის მხრიდან, თუმცა დღეს მთავრობის სხდომაზე გაგვაქვს ეს საკითხი, შევიტანთ ცვლილებებს, რომლის საშუალებითაც აბსოლუტურად მიწვდომადს გავხდით უკვე დღეს საღამოდან ყველასთვის წითელას აცრას“, – განაცხადა სერგეენკომ.
დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თუ კი მათ არ ახსოვთ აქვთ თუ არა გაკეთებული წითელას აცრა, ჩაიტარონ ვაქცინაცია კვლავ, რადგან მეორედ მისი გაკეთება, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.
„თუ ვინმეს, განსაკუთრებით 20-40 წლის ასაკის მოქალაქეს არ აქვს ზუსტი დადასტურება, რომ მან გეგმური ვაქცინაცია ჩაიტარა, აუცილებელია, რომ გაიკეთოს დამატებითი ვაქცინაცია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახსოვს, რომ თითქოს გაიკეთა, მაგრამ დადასტურებული არ აქვს, მაინც უნდა გაკეთდეს, რადგან თუკი ჰქონდა გაკეთებული და კიდევ გაიკეთა, ეს მის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. ბავშვთა ასაკში ვაქცინაცია უნდა მოხდეს კალენდრის მიხედვით, ხოლო 40 წელზე მაღალ ასაკში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ჰქონდა კონტაქტი წითელასთან“,- განაცხადა სერგეენკომ.