წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ა.მ-ს, ლ.ჰ-სა და ა.დ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 3,160 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდათ.