25 წლის რუსთაველი მამაკაცი გრიპის ვირუსით თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. . მედიკოსების ინფორმაციით, ახალგაზრდა პაციენტმა საავადმყოფოს დაგვიანებით მიმართა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომაროება დამძიმდა. ექიმების ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი, სწორედ სამედიცინო დაწესებულებისთვის დაგვიანებული მიმართვა გახდა.
TV4 დაინტერესდა, რატომ გადაიყვანეს ახალგაზრდა მამაკაცი, კლინიკა “რუსთავიდან” თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში და რა გახდა მიზეზი იმისა,რომ 25 წლის მამაკაცმა მკურნალობა რუსთავის სამედიცინო დაწესებულებაში არ გაიარა.
Tv4 კლინიკა რუსთავის იმ ექიმს ესაუბრა, რომელმაც 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიიღო. ხათუნა სიხარულიძის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულებას 29 დეკემბერს მიმართა.
ექიმის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა, სამედიცინო დაწესებულებაში მისვლისთანავე მძიმე იყო და ის აპარატზე გადაყვანას საჭიროებდა, თუმცა ოჯახმა მისი დედაქალაქში გადაყვანა გადაწყვიტა. ექიმის ინფორმაციით, კანონმდებლობის თანახმად, პაციენტის შეკავება სამედიცინო დაწესებულებაში ვერ მოხდა და ოჯახის გადაწყვეტილებით ის თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“29 დეკემბერს მივიღე პაციენტი, მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ის აპარატზე გადაყვანას საჭიროებდა,თუმცა ოჯახმა მისი დედაქალაქში გადაყვანა მოითხოვა. შევთავაზეთ აპარატზე გადაყვანა, ვინაიდან მისი მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა პაციენტი კონტაქტური იყო და კანონმდებლობის თანახმად , ოჯახის გადაწყვეტილებას ვერ შევეწინააღმდეგეთ“-აცხადებს ექიმი
25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გრიპის ვირუსით თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.ამ დროისთვის მისი რუსთავში გადმოსვენება მიმდინარეობს.