ნასოფლარ ბალიჭის მიდამოებში ახლადგამოვლენილ არქიტექტურულ კომპლექსს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საზოგადოებრივი გაერთიანება საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის წევრების ინიციატივითა და თანამონაწილეობით, გასული წლის შემოდგომაზე, ძეგლის ფიქსაციის შემდეგ, სააგენტოს სპეციალისტებმა აქამდე უცნობი კომპლექსი სრულად აღწერეს. განხორციელდა მისი ფოტო ფიქსაცია და მომზადდა სათანადო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე განესაზღვრა. არქიტექტურული ნაგებობა კვირაცხოვლის ხევის ერთ-ერთ ტერასის მახლობლად, ხშირ ტყეში მდებარეობს. კომპლექსი, რომელიც სამლოცველოსა და სამი სხვადასხვა ზომის საცხოვრებელ-სამეურნეო ნაგებობას მოიცავს, წინასწარი კვლევის საფუძველზე XV-XVI საუკუნეებით თარიღდება.
კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ტაძარი მცირე ზომის დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. ტაძრის საკურთხეველი დარბაზისგან ქვის ტიხრით არის გამოყოფილი. ტაძრიდან დასავლეთით ხუთსენაკიანი ნაგებობის ნაშთია აღმოჩენილი. მისგან დასავლეთით რამდენიმე მეტრში კი მეორე, სამსენაკიანი ნაგებობაა. მათი კედლების სისქე 1 მეტრს აღწევს. ახლომდებარედ გამოვლენილია ერთსენაკიანი ნაგებობის ნაშთიც. სამომავლოდ, შესაძლოა ახლადგამოვლენილი არქიტექტურული კომლექსის საკონსერვაციო სამუშაოები სააგენტოს მიერ შემუშავებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე კომპანია „RMG“-მ ფინანსურად უზრუნველყოს.