მანჩესტერის პოლიციამ დაადასტურა, რომ სადგურ “მანჩესტერ ვიქტორიასთან” სამი ადამიანის დაჭრა, მათ შორის პოლიციელისაც, განიხილება როგორც ტერორიზმთან დაკავშირებული აქტი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სადგურზე 25 წლის კაცი მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა ადგილზე ორი დანა იპოვეს, მიმდებარე რაიონში კი ჩხრეკა მიმდინარეობს.
BBC-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურები პოლიციელებს საგამოძიებო მოქმედებებში ეხმარებიან.
სამივე დაჭრილი ახლოს მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ მძიმე ჭრილობები აქვთ, თუმცა არა სიცოცხლისთვის საშიში.
მომხდარს Twitter-ზე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი გამოეხმაურა:
“ჩემი ფიქრები იმ დაშავებულ ადამიანებთან არის, რომლებიც წუხელ სავარაუდოდ ტერორისტული აქტის მსხვერპლნი გახდნენ. მადლობას ვუხდი სასწრაფო დახმარების სამსახურებს სწრაფი რეაგირებისთვის”, – წერს ტერეზა მეი.