რუსთავში უახლოეს ერთ კვირაში რვა მილიონი ლარის სამუშაოებზე ტენდერები გამოცხადდება.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სამშენებლო კომპანიების მენეჯმენტს 2019 წელს განსახორციელებელი პროექტები გააცნო. შოთა რეხვიაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ სახელმწიფო ტენდერებს, რათა შემდეგში სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნას.
რაც შეეხება რუსთავში 2019 წლის პროექტებს , რომელზეც ტენდერები უახლოეს ერთ კვირაში უნდა გამოცხადდეს. იგეგმება მარცხენა სანაპიროზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, პროექტზე მილიონზე მეტი დაიხარჯება. ასევე წელს გაგარინისა და გარეჯის ქუჩის მშენებლობა მოხდება, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარით ფინანსდება. დუმბაძის ქუჩაზე, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერისა და ფალიაშვილის ქუჩაზე, ე.წ ჩიკაგოს სკვერის რეაბილიტაცია მოხდება. ჭყონდიდელის დასახლებაში კი დაზიანებული სახლების ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება , სულ ათი სახლი გამაგრდება. მოხდება სკოლების და ბაღების გარე ინფრასტრუქტურის მოწყობა. რაც შეეხება სპორტული მოედნების მშენებლობას, პირველ ეტაპზე 11 ლოკაციაზე გაკეთდება სპორტული ინფრასტრუქტურა. მოხდება როგორც ხელოვნურ საფარიანი, ასევე ბეტონის საფარიანი მოედნების მშენებლობა.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, რუსთავს მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, რუსთავის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურისა და კომპანია “რუსთავის წყალი”-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.