სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების ე.გ-სა და თ.ა-ს კუთვნილი ხელჩანთების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 3,400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.