არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთი კატეგორიის დანაშაულებზე, არასრულწლოვან მსხვერპლთა ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და გამოწვევაა.
2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების ბრალდებით მხილებულ იქნა 116 პირი, რომელთაგან:
* 4 მხილებული იყო გაუპატიურების ჩადენაში (სსკ-ის 137-ე მუხლი);
* 2 – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 138-ე მუხლი);
* 24 – გარყვნილი ქმედების ჩადენაში (სსკ-ის 141-ე მუხლი);
* 86 – 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირში (სსკ-ის 140-ე მუხლი).
არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდელბლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას და მათთვის მთელი რიგი უფლებების ჩამორთმევას. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა, ასეთ დაწესებულებებში ყოფნა და ა.შ.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე და 141-ე მუხლებით მსჯავრდებულ პირთა ბაზის შექმნას, რაც მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა მონიტორინგის გზით, დანაშაულის პრევენციას.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი, რომელიც თებერვლიდან პილოტურად ამოქმედდება და რომლის მიზანი გამოძიების მიმდინარეობისას მსხვერპლთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივებაა.