ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში სახლი გაძარცვეს. ქორწილის დღეს მასპინძელი ოჯახი ისე გაქურდეს, რომ რესტორნიდან უკან დაბრუნებულ სიძე-პატარძალს არც საწოლი დახვდა და არც ქვეშაგები. ინფორმაციას „გურიის მოამბე“ ავრცელებს.
მამათელმა ახალგაზრდა კაცმა ცოლად ძიმითელი ქალი ითხოვა და ფაქტობრივად ორი სოფელი ლანჩხუთში, ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნავდა წყვილის შეუღლებას. დეტალები ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გაიხსენა.
„სიძის მეზობლად ვცხოვრობ. ქორწილი რომ დამთავრდა, ქვაბებით წამოვიღეთ რესტორნიდან საჭმელი, როგორც ხდება ხოლმე. დატრიალდა ოჯახი სუფრის სახლში გასაწყობად და სადაა ან ჩანგალი, ან თეფში, არ რამე. სიძე-პატარძლის საწოლი და ქვეშაგებიც კი მოპარული იყო. დაცარიელებული დაგხვდა სახლი. სიძე იძახდა – სად დავწვე ახლა მეო? მეზობლები დავტრიალდით მერე, ზოგმა საბანი მოვუტანეთ, ზოგმა ლეიბი და თეფში“, – თქვა მეზობელმა.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.









