ბელგიაში ქართველმა ბანკი გვირაბის გამოყენებით გაძარცვა

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ბანკის ფილიალის გაძარცვაში ეჭვმიტანილი 27 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს.

დაკავებული ბელგიის მოქალაქეა, თუმცა ის წარმოშობით ქართველია. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ანტვერპენის პროკურატურის განცხადებით, ბანკის ძარცვისა და მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბების საქმის გამოძიება გრძელდება.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ბანკის ძარცვაში სამი ადამიანი მონაწილეობდა.

ანტვერპენში ბანკ „ბი-ენ-პი პარიბას ფორტისის“ ფილიალის გაძარცვის შესახებ ინფორმაცია 3 თებერვალს გავრცელდა. მძარცველებმა შენობაში გვირაბისა და საკანალიზაციო სისტემის გამოყენებით შეაღწიეს.

ბანკის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, რა რაოდენობის თანხა და ძვირფასეულობაა წაღებული საცავებიდან. ასევე უცნობია, რამდენი საცავია გატეხილი.