დღეს ღამე წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარეობაა

დღეს ღამე ამ ზამთრის მესამე სუპერმთვარეობაა. სავსე მთვარე სიდიდის პიკს თბილისის დროით 19:53 საათზე მიაღწევს, თუმცა მისი თვალშისაცემი ზომა მთელი ღამის განმავლობაში იქნება ხილვადი.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ღამის სუპერმთვარე უდიდესი იქნება 2019 წლის სუპერმთვარეობის სხვა მოვლენებს შორის.

სავსე მთვარე ჩვეულებრივთან შედარებით ათი პროცენტით დიდი გამოჩნდება, რადგან ამ მომენტში ის შედარებით ახლოს იმყოფება დედამიწასთან.

როგორც ცნობილია, მთვარე დედამიწის გარშემო გაწელილ, ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს. როცა ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი ორბიტაზე მოძრაობისას ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოს ექცევა და თან სავსეა, დედამიწიდან ის უფრო დიდი მოჩანს, ვიდრე სხვა დროს.