იაგო ნებიერიძემ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადა

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძის პროცესი დღეს რუსთავის #6 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა.

სასამართლომ დღეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე და საქმის არსებითად განხილვისთვის გადაცემის საკითხზე იმსჯელა.
იაგო ნებიერიძის ადვოკატ მარიამ პაპოშვილის განცხადებით მსჯავრდებული დუმილის უფლებას იყენებს და ის უარს ამბობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. ადვოკატმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოდ სცნო.

“არსებითად განსახილველად სასამართლოს გადეცა. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოთი სარგებლობის უფლება იაგო ნებიერიძეს ფაქტობრივად მოესპო, იმის გამო, რომ ყველაფერი საინფორმაციო წყაროებით გავრცელებულია”- აღნიშნა იაგო ნებიერიძის ადვოკატმა.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 6 მარტს 14:00-ზე ჩაინიშნა, თუმცა ამ დროისთვის უცნობია სად გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს.