შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
შსს-ს ინფორმაციით მომსახურების სააგენტოს ყველა სერვისცენტრი კვირას დამატებით იმუშავებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, სააგენტოს ყველა სერვისცენტრი დამატებით იმუშავებს კვირას, 24 თებერვალს, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე.
დამატებულ სამუშაო დღეს, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ მართვის მოწმობის შეცვლა-აღდგენის მომსახურებით ისარგებლონ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული C, D და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. ცვლილება არ ეხება B კატეგორიის, ანუ მსუბუქი ავტომობილის კატეგორიის მართვის მოწმობებს. ასევე, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც B კატეგორიასთან ერთად, დამატებით აქვთ C, D ან CD კატეგორიები და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. აღნიშნულ პირებს, პირებს შეცვლის ვალდებულება არ აქვთ 1 მარტამდე, მათ ვადის ამოწურვის შემდეგ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მიმართონ მომსახურების სააგენტოს და ყოველგვარი დამატებითი პროცედურების, მათ შორის გამოცდის ჩაბარების გარეშე, შეცვალონ მართვის მოწმობა.
მოქალაქეთათვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სააგენტო მიმდინარე წლის 8 თებერვლიდან სპეციალური რეჟიმით მუშაობს – გაზრდილია სამუშაო საათების რაოდენობა და მოქალაქეებს მართვის მოწმობის შეცვლა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30 საათიდან 18:00 საათამდე შეუძლიათ.”-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.