პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა, ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი განთავსდეს

ერთ-ერთი ვერსიით, პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში შეიძლება ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი განთავსდეს,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, დღეს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე ამ საკითხზეც ისაუბრეს. მდინარაძის ინფორმაციით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ავლაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.

„ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია, რომელთან დაკავშირებითაც შეიქმნა პირობითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეხვდება სხვადასხვა წარმომადგენლებს, სოციალურ ჯგუფებს და უახლოეს დღეებში, ვფიქრობ, ერთ-ერთი ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ერთ-ერთ ვერსიას გაგიმხელთ, რომელსაც პირადად მე აბსოლიტურად ვეთანხმები, ვიზიარებ და შემიძლია თანაავტორადაც კი დავასახელო თავი, ჩემს კოლეგებთან არჩილ თალაკვაძესთან და სხვებთან ერთად – შესაძლებელია, რომ ქართული კულტურის ეროვნულ მუზეუმზეც იყოს საუბარი. ოღონდ დავაკონკრეტებ, საზოგადოება შეცდომაში რომ არ შევიყვანო, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვერსია, იმ ვერსიებს შორის რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა”, – განაცხადა მდინარაძემ.