რამდენი წელი უნდა ცხოვრობდეთ რუსთავში, რომ სოციალურ საცხოვრებელში ბინა მიიღოთ

რუსთავის სოციალურ საცხოვრისში მოსახლეობაზე ბინების განაწილების საკითხი იყო მთავარი თემა, რომელზეც დღეს რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. რუსთავის მერიის ინიცირებით სხვა კრიტერიუმებთან ერთად იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრისში ბინა გადაეცეს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი,  რუსთავში მინიმუმ 20   წლით ცხოვრების პერიოდი იქნება. 

ამ დროისთვის მიმდინარეობს სპეციალური კომისიის ფორმირება, რომელშიც არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იქნებიან წარმოდგენილი. სპეციალური კომისია ბინების მსურველთა განცხადებების საფუძველზე, არსებული კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს ოჯახებს, რომლებსაც შემდეგში საცხოვრებელში ბინა გადაეცემათ. რუსთავში პირველი სოციალური საცხოვრისის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. შენობა უკვე დასრულებულია.

კორპუსის მშენებლობაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და  პროექტი  ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. სოციალური საცხოვრისი 52 ოჯახზე არის გათვლილი.