საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით რუკების შედგენა-გავრცელება დაისჯება

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით რუკების შედგენა-გავრცელება დაისჯება.

ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პარლამენტი აპირებს სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის, ან მისი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან გატანა.

დღეს პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დაემატოს 343-ე პრიმა მუხლი და მსგავსი ქმედება დაისაჯოს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან მსგავსი ქმედების ჩამდენი პირი დაჯარიმდეს სულ მცირე 2000 ლარით.

აღნიშნული კანონპროექტი დეპუტატებმა ირაკლი სესიაშვილმა და ოთარ ჩრდილელმა მოამზადეს.
ისინი კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით და აღიარებულია მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, თუმცა, ბოლო პერიოდში იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელების შემთხვევები.