შშმ პირთათვის განკუთვნილ ადგილზე მანქანების პარკირებაზე ჯარიმა იზრდება

შშმ პირთათვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის მიერ სარგებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და ჯარიმის რაოდენობა იზრდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის ინიციატორები რატი იონათამიშვილი, სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დაჩი ბერაია და ცოტნე ზურაბიანი არიან.

კანონპროექტის მიხედვით, დედაქალაქის ტერიტორიაზე, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიასა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ პარკირება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 10 ლარისა.

ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ჯარიმების ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს საურავი 150 ლარის ოდენობით დაერიცხება. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზება განხორციელდება.

“პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საზოგადოების ცნობიერების გარდა, ჯარიმის ის სახეა, რაც მსგავს დარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის გათვალისწინებული. კერძოდ, 10 ლარის ოდენობით. მართალია, აღნიშნული დარღვევა, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტი საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას, მაგრამ ფაქტები იმდენად ხშირია, რომ არსებული საკანონმდებლო ნორმები ეფექტურად ვერ ხორციელდება. სურათი კიდევ უფრო მძიმდება მეორეხარისხოვან ქუჩებზე და ავტოსადგომებზე. ამდენად, ერთნაირი მიდგომის გავრცელება – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებასა და პარკირების წესების სხვა სახის დარღვევებზე არ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს, სადაც პირველი სახის დარღვევა რამდენჯერმე აღემატება მეორეს“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.