13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ ვალერი ირემაძეს, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ბრალი წარუდგინეს. მას პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.
დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. მანამდე კი ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში რჩება.
სამედიცინო დაწესებულებაში ბრალის წარდგენა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყდა.
მკვლელობაში ბრალდებული პაციენტი მთელი დღის განმავლობაში მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც მასთან კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.
ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, ბრალის წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რას ედავება გამოძიება ბრალდებულს. მისივე თქმით, მტკიცებულებების გადაცემის შემდეგ დაცვის მხარე მიიღებს ყველა შესაბამის ზომას ექსპერტიზის ჩასატარებლად, რაც დაადასტურებს, რომ დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძე წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან ექიმების გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში წუხელ გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანისთანავე, ექიმებმა დაკავებული შეამოწმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა და დახმარება ესაჭიროებოდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში მკვლელობა მოხდა. მე-8 მიკრორაიონში ბიძამ 13 წლის ბავშვი მოკლა.