13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი ირემაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ზურა დალაქიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.
ვალერი ირემაძეს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით გუშინ საღამოს წაუყენეს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით.
დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
გამომძიებელ ნუკრი მატუას განცხადებით, ბრალდებული კონტაქტურია, თუმცა დუმილის უფლებით სარგებლობს. სასამართლო სხდომის ჩატარებამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დარჩება.