აუდიტის სამსახურმა რუსთავში გამოვლენილ დარღვევებზე პროკურატურას მიმართა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რუსთავის ფინანსური დოკუმენტაცია პროკურატურას გადაუგზავნა.

აუდიტის სამსახურის განცხადებით საქმე ეხება შესაბამისობის აუდიტის ანგარიშებში დაფიქსირებულ სისტემურ და კომპლექსურ დარღვევებს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მრავალად გამოავლინა ხარვეზები რუსთავის მუნიციპალიტეტში. საუბარია, რუსთავის მარჯვენა სანაპიროს სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელიც, აუდიტორების დასკვნით, მერიამ ისე ჩაიბარა, რომ დასრულებული არ იყო. ამასთან, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაცვლად, პერიოდულად უზრდიდა შემსრულებელ კომპანიას დასრულების ვადას.
ასევე ირკვევა, რომ რუსთავის მერიამ ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოებიც ისე ჩაიბარა, რომ დასრულებული არ იყო, რადგან სამშენებლო მასალის შესყიდვისა და სამუშაოების დასრულების თარიღი ერთმანეთს ემთხვევა.

როგორც ცნობილია, საქმეები სადაც შესაძლოა, დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს, გადაგზავნილია საგამოძიებო უწყებაში.