გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან, სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზებაა.
დღეს გურჯაანის სასამართლოში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.
სასამართლოს ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, 200-მდე საპატრულო პოლიციის თანამშრომელია მობილიზებული.
გასულ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც ის 15 000 მოქალაქისა და პარლამენტის 27 წევრის პირადი თავდებობით მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას ითხოვდა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ის სათანადოდ მომზადებული არ იყო.
როგორც ადვოკატმა გასული პროცესის შემდეგ განმარტა, ეს განცხადება მოსამართლისგან გამოწვევა იყო და შემდეგ სასამართლო პროცესზე, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდებოდა აბსოლუტური უმრავლესობა იმ პარლამენტარებისა და ადამიანებისა, ვინც კირკიტაძეს პირადად უდგება თავდებში.
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული.
აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.