დღეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. კირკიტაძე მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ამ გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ მანდატურებს სთხოვა დამსწრეებს დარბაზი დაეტოვებინათ.
ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც ის კირკიტაძის მიმართ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას და თავდებობით მის გათავისუფლებას ითხოვდა.
კონდახიშვილმა მოსამართლეს ასევე განუმარტა, რომ კირკიტაძე ციხეში დაოჯახდა და ასევე, გარდაცვლილი ჰყავს ოჯახის წევრი, რომლის დაკრძალვაც ხუთშაბათს არის. კონდახიშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემით არ სპეკულირებს, თუმცა, ეს პირადი ტრაგედიაა.
ადვოკატმა ასევე წარადგინა წერილი 2 000 მოქალაქის თავდებობის შესახებ.
აღნიშნული შუამდგომლობა ადვოკატმა გასულ სასამართლო პროცესზეც დააყენა, თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ის ტექნიკურად მომზადებული არ იყო.
აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. პროკურორის განმარტებით, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ დავით კირკიტაძე გამოძიებას თავს არიდებდა. ბრალდების მხარის თქმით, პარლამენტარების თავდებობა ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის ჩადენის აცილებას, რადგან აქციაზე დეპუტატების ყოფნა ვერ გახდა კირკიტაძისთვის შემაკავებელი.
მოსამართლემ განმარტა, რომ გასულ სხდომაზე შუამდგომლობის მხოლოდ ტექნიკურ პრობლემაზე არ მიუთითებია. მოსამართლის განცხადებით, აღკვეთის განხილვა ორ თვეში ხდება.
შემდეგი სასამართლო პროცესი 19 მარტს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.