მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება

მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ამის შესახებ განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
ცესკოს სხდომის გადაწყვეტილებები მედიას პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ გააცნო. ანა მიქელაძის თქმით, მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში:
მარნეულში, ზესტაფონში, ხულოში, ჭიათურაში და ზუგდიდში გაიმართება;საკრებულოების შუალედური არჩევნები კი საგარეჯშო, ახმეტაში ადიგენში, ტყიბულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ოზურგეთსა და წყალტუბოში.

დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები დანიშნა. არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 19 მაისს. საერთო ჯამში, რვავე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნები 26 საარჩევნო უბანზე გაიმართება. გარდა ამისა, ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. საერთო ჯამში, ხუთივე მუნიციპალიტეტში არჩევნები 362 საარჩევნო საარჩევნო უბანზე გაიმართება,” – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, 19 მაისს ასევე გაიმართება შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში.

საერთო ჯამში, საქართველოს მასშტაბით, მთლიანად 19 მაისს დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
410 750 ამომრჩეველი 410 საარჩევნო უბანზე.

მიქელაძის განმარტებით, ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ასევე განისაზღვრა საინიციატივო ჯგუფებისთვის კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების რაოდენობა.

“წარსადგენი ხელმოწერების რაოდენობა განსხვავებულია შუალედური არჩევნებისა და მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის, იქედან გამომდინარე, რომ რაოდენობა კანონმდებლობით განსაზღვრულია. ეს უნდა იყოს რეგისტრირებული ამომრჩევლების ერთი პროცენტი,- განაცხადა სპიკერმა.

მისივე თქმით, დღეიდან საინიციატივო ჯგუფებსა და პარტიებს, რომელთაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ ცესკოს 2 აპრილის ჩათვლით მიმართონ რეგისტრაციის გასავლელად. ამის შემდეგ, მათ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები არჩევნებამდე არაუგვიანეს მეორმოცე დღემდე უნდა წარადგინონ, რითაც ცესკოში კანდიდატთა რეგისტრაცია მოხდება.