მიტევების დღესთან დაკავშირებით ილია მეორე ლიტურგიას აღავლენს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას 10 მარტს 10:00 საათზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწყებს. ხვალ მიტევების კვირას , ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს.

შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.

ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი იგი მოიპოვება. ამასთან, ხვალ, ტაძარებში შენდობის ლოცვები იკითხება, რომლის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.

წელს დიდმარხვა 11 მარტიდან დაიწყება და 28 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.