საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს რუსეთს დაუპირისპირდება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს შეხვედრას პრინციპულ მეტოქესთან, რუსეთის ნაკრებთან გამართავს, ეს ტურნირის დასკვნითი შეხვედრა იქნება.
მატჩი კრასნოდარში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულ თამაშს საქართველოს ნაკრებისთვის სატურნირო მნიშვნელობა არა აქვს, რადგან წლევანდელ „რაგბი ევროპაზე“ “ბორჯღალოსნებმა” ოთხივე მატჩი მოიგეს და ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე, მდევრები უკან ჩამოიტოვეს.
1993 წლიდან დღემდე, ამ გუნდებმა 22-ჯერ ითამაშეს და რუსებმა მხოლოდ პირველი შეხვედრა მოიგეს, 1993 წელს სოპოტში (პოლონეთი) 15:9, ერთხელ კი, 17 წლის წინ (2002 წელი) თბილისში ფრედ ითამაშეს – 12:12. დანარჩენ 20 შემთხვევაში, გამარჯვება “ბორჯღალოსნებს” დარჩათ.
რუსეთის ნაკრები ყველაზე დიდი სხვაობით 2012 წელს “მიხეილ მესხზე” დაამარცხეს „ბორჯღალოსნებმა“ – 46:0. მშრალი ანგარიში დაფიქსირდა 2015 წელსაც, როდესაც ვაკეში სტუმრები 33:0 დამარცხდნენ.
სტუმრად გამართულ შეხვედრებში ყველაზე დიდი სხვაობა შარშან, სწორედ კრასნოდარში დაფიქსირდა, გამარჯვება 20 ქულის სხვაობით მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა – 29:9.