საქართველოში სასჯელს სხვა ქვეყნის პატიმრებიც მოიხდიან

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ ჰააგაში ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოში სასჯელს სხვა ქვეყნის პატიმრებიც მოიხდიან.

„ვაგრძელებთ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობას. მნიშვნელოვანია ის, რომ 2016 წელს ჩვენ, ფატუ ბენსუდას ინიციატივით და თხოვნით დავიწყეთ მოლაპარაკებები: თუკი ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს დასჭირდებოდა, რამდენიმე პატიმარი მიგვეღო და სასჯელი მათთვის აღგვესრულებინა საქართველოს საპატიმროებში. სამწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით და ჰააგაში ჩვენ ხელი მოვაწერეთ გადმოყვანის შესახებ მემორანდუმს. ამ მემორანდუმით ჩავდექით ისეთი სახელმწიფოების ნუსხაში, რომელიც ალბათ, ზოგიერთის თვალში „წარუმატებლები“ არიან. ესენია: ბელგია, ავსტრია, ფინეთი, შვეიცარია, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი და ჩრდილო ირლანდია“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.