შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფო გორგოძე აბიტურიენტებს მოუწოდებს, რომ ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული აკრედიტებული პროგრამების ჩამონათვალი მუდმივად შეამოწმონ.
ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პროგრამების ჩამონათვალი მუდმივად იცვლება. არსებულ ჩამონათვალს ემატება ან აკლდება აკრედიტებული პროგრამები, ამიტომ თითოეულმა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს ხომ არ გაუქმდა მის მიერ არჩეული პროგრამა.
„ჩვენ აბიტურიენტის ცნობარში განთავსებული გვაქვს ის პროგრამები, რომლებსაც აკრედიტაცია ჰქონდა ცნობარის გამოქვეყნების მომენტში. ამ ცნობარის გამოქვეყნების შემდეგ პროგრამების ნაწილმა კიდევ მიიღო აკრედიტაცია და ისინი განთავსდა ჩვენს ვებ-გვერდზე. ეს დამატებით შესაძლებლობას აძლევს აბიტურიენტებს, მაგრამ ასევე არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე პროგრამამ დაკარგოს აკრედიტაცია. აბიტურიენტი თუ ერთხელ დარეგისტრირდება და მერე არასდროს შევა ჩვენს ვებ-გვერდზე, შეიძლება მას ჰქონდეს სამი ისეთი პროგრამა არჩეული, რომლებსაც გაუუქმდათ აკრედიტაცია, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. მოვუწოდებთ აბიტურიენტებს, მუდმივად შეამოწმონ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდი, რომ ინფორმირებულები იყვნენ, გაუქმდა თუ დაემატა აკრედიტებული პროგრამები. სწორედ ამიტომ არის, რომ აბიტურიენტებს პროგრამების შეცვლა შეუძლიათ აპელაციების გამოცხადებიდან მეორე დღის ჩათვლით. ეს ვადა აგვისტოში მთავრდება.” – განაცხადა სოფო გორგოძემ.