დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.
წულუკიანის თქმით, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში უკვე დაწყებულია ორი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა. მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე, როგორ დასრულდეს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდში დაწყებული ლაითურის დაწესებულების მშენებლობა.
„თუ ტენდერში პროფესიონალი კომპანია შეგვხვდება, ვფიქრობთ, რომ 2021 წელს შევძლებთ, შევხვდეთ უკვე ახალი დაწესებულებით ლაითურში, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება, პირველ რიგში, დაიხუროს გეგუთის საბჭოური ტიპის გადმონაშთი, ე.წ „ზონა“. ასევე ვგეგმავთ ქსანში ტუბდისპანსერის ინფრასტრუქტურის პენიტენციურ დაწესებულებად გარდაქმნას, რადგან 700-კაციან ტუბდისპანსერში (რომელიც წინა ხელისუფლების დროს აშენდა, რადგან მაშინ „ც“ ჰეპატიტის ეპიდემია მძვინვარებდა) დღეს მხოლოდ 56 პირია მოთავსებული, რადგან ჩვენი ხელისუფლების პირობებში სასჯელაღსრულების სხვადასხვა მინისტრმა წარმატებული სამედიცინო რეფორმა განახორციელა. შესაბამისად, ქსანში მცირე ზომის სამი ახალი დაწესებულება გვექნება. ამ ინფრასტრუქტურების მშენებლობის შედეგად შევძლებთ, რომ გეგუთის, რუსთავისა და ქსნის ძველი დროის გადმონაშთებს, ე.წ. ზონებს დავემშვიდობოთ. მე მინდა თავისუფლებააღკვეთილი პირების საყურადღებოდ ვთქვა – საუბარი არ არის იმაზე, რომ იყოს საკნური ტიპის ინფრასტრუქტურა, სადაც ადამიანები მუდმივად ჩაკეტილ მდგომარეობაში იქნებიან. ჩვენ გვინდა რესოციალიზაცია, რეაბილიტაციაზე მორგებული ინფრასტრუქტურა და ამ „ზონებს“ ჩვენ დავკეტავთ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.