წითელ ხიდსა და სადახლოზე 93 040 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

14 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში “წითელი ხიდი“  და „სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 93,040 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და 1 ცალი სიგარეტის მოსაწევი აპარატი აღმოაჩინეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და დაჯარიმდნენ 1000 ლარით.
ხოლო 14 თებერვალს, 2 და 4 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, აღმოჩენილი სამართალდარღვევების საქმეთა მასალები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.