1-ლი აპრილიდან 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა შეეძლებათ

2019 წლის 1-ლი აპრილიდან დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის მსურველებს სისტემის დატოვების უფლება ექნებათ . საუბარია იმ დასაქმებულ პირებზე, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს 40 წლის ან მეტი ასაკის იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ 1-ლი აპრილი სქემიდან გასვლისთვის განსაზღვრული მინიმალური ვადაა, თუმცა, ეს თარიღი ინდივიდუალური იქნება. კერძოდ კი, პირები რომელთაც ამის უფლება აქვთ დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლას პირველი საპენსიო შენატანის განხორციელების (ხელფასის ჩარიცხვის) დღიდან 3 თვის შემდეგ შეძლებენ. როდის განხორციელდა პირველი საპენსიო შენატანი, ამის გადამოწმება კი მოქალაქეებს საკუთარ საპენსიო ანგარიშზე შეუძლიათ.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სქემიდან გასვლისთვის პირებს ორთვიანი ვადა აქვთ ანუ სისტემიდან გასვლა 1-ლი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პერიოდში, პირი საპენსიო სქემას არ დატოვებს, ის სისტემის მონაწილედ დარჩება.