მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე, კერძოდ, ე.წ „მიონის“ ეპიზოდზე, მაია რჩეულიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიუსაჯა.ე.წ. მიონის ეპიზოდზე სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით არის აღძრული. მაია რჩეულიშვილი სასამართლოში არ გამოცხადდა.

სასამართლოზე წარმოთქმულ დასკვნით სიტყვაში ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მაია რჩეულიშვილის დავალებით ბინათმესაკუთრეებს გამოართვეს დამატებით თანხები, თითქოსდა, კომუნიკაციების გასაყვანად და საკუთრებაში გადასაცემად. როგორც ბრალდების მხარე ამტკიცებს, ეს თანხები ობიექტს არ მოხმარებია და ამ თანხების თაღლითურად დაუფლება მოხდა.

აღნიშნულ საქმეზე მაია რჩეულიშვილსა და ქეთევან ჟორდანიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც თაღლითობას გულისხმობს. ქეთევან ჟორდანიასთან საპროცესო შეთანხმებაა გაფორმებული.