“რუსთავი” ისევ დამარცხდა

ეროვნული ლიგის მე–10 ტურის შეხვედრაში “რუსთავმა” თბილისურ “ლოკომოტივს” უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე გაიმართა, სადაც “რუსთავი” ნომინალური მასპინძლის სტატუსით გამოდის.

პირველი გოლი მასპინძელთა უყურადღებობას მოჰყვა. მცველმა ლუკა გადრანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მეორე ტაიმში მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ დარჩენილ თორნიკე კირკიტაძეს ანგარიშის გაზრდა აღარ გასჭირვებია. შეხვედრის ბოლომდე აღარაფერი შეცვლილა და ანგარიში 0:2 დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავის” ახალი მთავარი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიასთვის ეს პირველი შეხვედრა იყო გუნდში დაბრუნების შემდეგ. დებიუტი წარუმატებელი გამოდგა და რუსთავს მხოლოდ 3 ქულა აქვს, რითაც ცხრილში ბოლო, მე–10 ადგილს იკავებს.