ისრაელელმა მესაზღვრეებმა საბავშვო ანსამბლი “გორდა” ისრაელში არ შეუშვეს.
ამის მიზეზად ისრაელის სასაზღვრო სამსახურმა დაასახელა ის ფაქტი, რომ ანსამბლი ისრაელში მგზავრობის მიზეზად საბავშვო ფესტივალში მონაწილეობას ასახელებდა, თუმცა მისი 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო არასრულწლოვანი.
“ისრაელში საქართველოს კონსული ესაუბრა ასევე ჯგუფის ხელმძღვანელს. ისრაელის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ბავშვები, თანახმა იყო, საქართველოს მოქალაქეებისთვის მიეცათ შესაძლებლობა, საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთები უახლოეს რეისზე შეეძინათ, თუმცა მშობლებმა აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს”– ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნული 17 პირი საქართველოში გამოფრინდება 17 აპრილს, 13:30 საათზე. თელ-ავივიდან სწორედ ამ დროს ასრულებს რეისს ავიაკომპანია Myway, რომლის საშუალებითაც ისინი ისრაელში ჩაფრინდნენ.
საქართველოს კონსულმა სადეპორტაციო სამსახურს სთხოვა განსაკუთრებით ყურადღებით იყვნენ ბავშვებთან მიმართებით. კონსული საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად აეროპორტის წინასწარი განთავსების დაწესებულებაში გაემართა.