გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს. უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამოდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს.
„გარდა ინვაზიური მავნებლისა, კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებს დიდ საფრთხეს პათოგენური სოკო (Cylindrocladium Buxicola) უქმნის, რომელიც ბზის სიდამწვრის სახელითაა ცნობილი. სოკომ მოახერხა 2010-2014 წლებში დასავლეთ საქართველოში არსებული ბუნებრივი წარმოშობის ბზის კორომების ძლიერ დაზიანება/დასუსტება. ხოლო, მომდევნო წლებში პრობლემა მავნე მწერმა – ბზის ალურამ გაამწვავა.
ეროვნული სატყეო სააგენტო მის მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული კოლხური ბზის კორომების წამლობას 2016 წლიდან ახორციელებს.
ბიოლოგიური საშუალებით წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მუშავდება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის და სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონებში არსებული ბუნებრივი ბზის კორომები 550 ჰა ფართობზე.
სააგენტო მიმართავს ბრძოლის ინტეგრირებულ მეთოდებს, შესაბამისად, გარდა წამლობისა სააგენტო ახორციელებს მავნებლის ინტენსიური მონიტორინგს/დაჭერა-განადგურებას ფერომონიანი მწერმჭერების გამოყენებით. გასულ წელს კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომებში განთავსებული იყო 1500 ფერომონიანი მწერსაჭერი.
ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სამინისტრო განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.
ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და აღნიშნულზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს – აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.
ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე“, – აღნიშნულია გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.