რუსთავის საქალაქო სასამართლოში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭანტურიას მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
სასამართლო პროცესს ბრალდებული გიორგი ჭანტურია არ ესწრებოდა.
პროცესზე დაცვის მხარის ორი მოწმე, დაიკითხა. ისინი ბრალდებულის ყოფილი თანამშრომლები იყვნენ.
ერთ-ერთი მოწმის განცხადებით, ჭანტურიას სამსახურში თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მოწმის განცხადებით ის არ იცნობდა სამსონ ქუთათელაზეს, თუმცა რამდენჯერმე ბაზრობის ტერიტორიაზე შეხვედრია. მისივე თქმით, ქუთათელაძესა და ჭანტურიას შორის რაიმე დაძაბულობა ან კონფლიქტი არ იგრძნობოდა.
დაცვის მახარეს დღეს საქმის კიდევ ორი მოწმე უნდა წარედგინა. თუმცა, როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, დაცვის მხარისათვის მნიშვნელოვანი ორი მოწმე, არაერთი დაბარების მიუხედავად, პროცესზე არ ცხადდება.
დაცვის მხარის მტკიცებით, გიორგი ჭანტურიას აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია.
შეგახსენებთ, გენერალი სამსონ ქუთათელაძე, გასული წლის 15 იანვარს, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში მოკლული ნახეს. პროკურატურამ ქუთათელაძის მკვლელობის ბრადებით გიორგი ჭანტურია, გასული წლის აგვისტოში დააკავა.