მსოფლიოში უფრო მეტი მოხუცია, ვიდრე ბავშვი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წლის ბოლოს 65 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე პატარების საერთო მაჩვენებელს გადააჭარბა. ამ დროისთვის დედამიწაზე 65 წელს გადაცილებული 705 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. 5 წლამდე ბავშვების საერთო რაოდენობამ კი 680 მილიონი შეადგინა. მეცნიერთა განმარტებით, ეს ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ 2050 წლისთვის არსებული სხვაობა უფრო თვალშისაცემი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 5 წლამდე ასაკის 1 ბავშვზე 65 წელს გადაცილებული 2 ადამიანი მოვა. დემოგრაფიის ეს ტენდენცია უკვე კარგა ხანია დაფიქსირდა. მეცნიერთა თქმით, ქვეყნების უმრავლესობაში ადამიანები უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ და ამავდროულად, სულ უფრო ნაკლები შვილები ჰყავთ.

როგორია შობადობის კოეფიციენტი?
გაეროს მონაცემებით, 65 წელს გადაცილებული ადამიანები იაპონიის მოსახლეობის 27%-ს შეადგენენ. ეს მაჩვენებელი იტალიაში 23%-ია, აშშ-ში – 14.1%, ჩინეთში – 10.6%, ბრაზილიაში – 8.5%, ინდოეთში – 5.9%, ირანში – 5.4%, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში – 4.9%, საჰარის უდაბნოს სამხრეთით კი – 3%-ს. ამერიკელ მეცნიერთა ვარაუდით, მთელი მსოფლიოს ქვეყნების თითქმის ნახევარში შობადობის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება. რაც შეეხება საქართველოს, აქ შობადობის ზოგადი კოეფიციენტი, რომელიც ყოველ 1000 კაცზე დაბადებულთა რიცხოვნობას ასახავს, 2017 წლის მონაცემებით, 14.3%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი რეგისტრირებულ მონაცემებს ეყრდნობა.

მსოფლიოს მოსახლეობა რაოდენობრივად მცირდება და ბერდება. ეს, უპირველეს ყოვლისა, სამუშაო ძალის შემცირებას გულისხმობს. საბოლოო ჯამში კი ამ ყველაფერს მივყავართ პროდუქტიულობის შემცირებამდე, რაც, თავის მხრივ, ეკონომიკური ზრდის შეჩერებას იწვევს. გასული წლის ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მოსახლეობის დაბერების ტენდენციის გათვალისწინებით განაცხადა, რომ იაპონიის ეკონომიკა მომავალი 40 წლის განმავლობაში 25%-ზე მეტით შემცირდება. ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა განცხადებით, დემოგრაფიული სიტუაცია ცხოვრების ყველა ასპექტზე აისახება.

მეცნიერთა შეფასებით, მსოფლიო მოსახლეობის დაბერების პროცესის ეფექტის შესამსუბუქებლად აუცილებელია სახელმწიფომ ასაკოვანი ადამიანების ჯანმრთელობაზეც იზრუნოს. ამის მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ ჯანმრთელი ადამიანები შრომისუნარიანობას უფრო დიდხანს ინარჩუნებენ. გარდა ამისა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალისტები აცხადებენ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ქალები კაცების თანაბრად მუშაობენ, ეკონომიკური ვარდნა ნაკლებია. მათი განმარტებით, რაც უფრო მეტი ქალია შრომის ბაზარზე, ეკონომიკაც უფრო მყარია.