პარლამენტმა სკოლის გამოსაშვები გამოცდები გააუქმა

პარლამენტმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონი მიიღო.
კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს. კანონს 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს.

საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.