საფეხბურთო კლუბ რუსთავს ახალი ვიზუალური იდენტობა აქვს.
როგორც ცნობილი ხდება, ლოგოტიპის შექმნისას მთავარი იდეური მამოძრავებელი ამ ქალაქის ისტორია გახდა. რუსთავი, რომელიც IV საუკუნეში უფლისწულთა ქალაქი იყო. ადგილი, სადაც რუსთავის მრავლისმნახველი ციხე მდებარეობს. ადგილი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს სამრეწველო ქალაქად იქცა და რომელშიც სამი წლის წინ, ახალი საფეხბურთო კლუბი დაარსდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიზაინ სტუდია „კოლექტივმა“ სიმბოლოში რამდენიმე გრაფიკული ელემენტის გაერთიანება გადაწყვიტა.
დიზაინ სტუდიაში სიმბოლოოებს განმარტავენ-
„ფარი- როგორც საბრძოლო იარაღი, თავდაცვის მეტაფორული გამოხატულებაა. ფარი – მეტალის ნაკეთობა, რომლითაც სამრეწველო ქალაქს აღვნიშნავთ და ასევე, როგორც უფლისწულთა იარაღი. რაც შეეხება ლოგოზე გამოსახულ ხმალს, ეს არის საბრძოლო იარაღის სიმბოლო და თავდასხმის მეტაფორული გამოხატულება. გარდა ამისა, აქ ხმალი მეტალის ნაკეთობასაც გამოხატავს, რითაც სამრეწველო ქალაქს აღვნიშნავთ და ასევე, ხმალი, როგორც უფლისწულთა იარაღი. ლოგოში მოცემულია ციხის ქონგური, რითაც რუსთავის ციხეს გავუსვით ხაზი. რაც შეეხება წრეს, ეს არის ხმლის დაბოლოება და მეორე მხრივ, ბურთს გამოხატავს“.
წყარო: marketer.ge