საქართველოში რუსი ბაიკერები არ შემოუშვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე რუსი ბაიკერები არ შემოუშვეს. რუსეთის მოქალაქეებს უარი ეთქვათ საქართველოში შემოსვლაზე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

კანონის ეს მუხლი ითვალისწინებს, რომ უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი არ იძლევა ინფორმაციას, ან იძლევა ყალბ ინფორმაციას თავისი პიროვნებისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.

გამოცემა „ეურასია დეილის“ ინფორმაციით, რუსი და დსთ-ს სხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან შემდგარი ბაიკერების კოლონა „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე გააჩერეს და საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. ინტერნეტგამოცემა „ობოზრივატელი“ წერს, რომ კოლონაში 30-ზე მეტი ბაიკერი იყო, ისინი სალონიკში მიემგზავრებოდნენ, სადაც 1-2 მაისს შეკრებაა დაგეგმილი.