წალკის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა. აჭარიდან და სვანეთიდან ჩასახლებული ოჯახები სამთავრობო კომისიის შექმნას და ეკომიგრანტებად აღიარებას მოითხოვენ.
მთავარი მოთხოვნა სახლებისა და მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გადაცემაა, თუმცა ეს იქამდე ვერ მოხდება, სანამ მათ ეკომიგრანტის სტატუსი არ მიენიჭებათ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ჩამოსახლებული 2500 ოჯახიდან მხოლოდ 400 ოჯახს აქვს სახელმწიფოს მიერ საკუთრებაში გადაცემული ბინა, დანარჩენები კი ადგილობრივი ბერძნების სახლებში არიან შესახლებული და მათი გამოსახლების დიდი საშიშროებაა.
ადგილობრივებმა პრობლემების გადაჭრის მიზნით, სამთავრობო კომისიის შესაქმნელად, ხელისუფლებას ვადა პირველ მაისამდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ისინი აცხადებენ, მორიგ საპროტესტო აქციას დედაქალაქში გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ მაღალმთიანი აჭარიდან წალკაში ოჯახების ჩასახლება 1997 წელს დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული ოჯახების იმ დროისათვის არსებული პრობლემების და ხარვეზების გადაჭრას.