“მეტი სიცოცხლისთვის”– შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი კამპანია

კითხვას პასუხი გაეცა–თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული ავტომობილების ინსტალაციები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამონტაჟა.

შსს-ს ცნობით, სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კამპანიის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში დამტვრეული ავტომობილების დროებითი ინსტალაციები დამონტაჟდა, გამოჩნდა ბანერები და დამზადდა შესაბამისი ვიდეორგოლები. ასევე, შეიქმნა ვებგვერდი formore.life და ფეისბუქგვერდი, სადაც კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ყველა სიახლე განთავსდება. სოციალური კამპანიის მიზანია, რომ თითოეული მოქალაქე კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, თუ რა ტრაგიკული შედეგები მოჰყვება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინტენსიურ აქტივობებს მომავალშიც გეგმავს. უწყების მიერ, 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამოქმედებული იქნება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, ხოლო სექციური სიჩქარის მზომი მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ.-მდე მონაკვეთი. წლის ბოლომდე გაიზრდება ფარული პატრულირების განმახორციელებელი ეკიპაჟების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს ძირითად ქალაქებში იმოძრავებენ და საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ მძღოლებს შესაბამის სანქციას დააკისრებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო უსაფრთხოების მარკეტინგულ კამპანიაში – ,,მეტი სიცოცხლისთვის“, 605 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს.