პანკისში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

ამ წუთებში სპეცდანიშნულების რაზმსა და პანკისელებს შორის ვითარება კვლავ დაიძაბა. ძალოვანი უწყების თანამშრომლები, მოსახლეობის წინააღმდეგ, რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებენ. საპასუხოდ, პროტესტანტები ხელკეტებითა და ქვებით უტევენ პოლიციელებს. სიტუაცია უკონტროლოა, ცრემლსადენი გაზის გაშვების გამო, პროტესტანტებსა და ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს ხილვადობა შეზღუდული აქვთ, გართულებულია სუნთქვაც.

ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება დილითაც მოხდა, თუმცა ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ჩასვლის შემდეგ, სიტუაცია რამდენიმე საათით განიმუხტა. ამ წუთებში დაპირისპირების მეორე ტალღაა.